აიდა

aida_3

1869 წელს, როცა, ჩრდილოეთით, მენდელეევი თავისი აღმოჩენით გაცისკროვნებული დაიარებოდა, სამხრეთით, ეგვიპტელები ხმელთაშუა და წითელი ზღვების სუეცის არხით დაკავშირებას ზეიმობდნენ. ქვეყნის მთავრობამ სახელოვან ჯუზეპე ვერდის ამ დიდი მოვლენის სახოტბო მუსიკის შექმნა სთხოვა. უკვე ხანშიშესული კომპოზიტორი უარზე იდგა, მაგრამ დაითანხმეს და 1870 წლიდან თავის საქმეს შეუდგა. “აიდა”, ან Aida, ვერდის ბოლოდან მესამე ოპერაა, რომელიც 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში დაიდგა.  კომპოზიტორი მას არ დასწრებია.

ოპერა იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ, მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში “აიდა” დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში. სამწუხაროდ, ვერ მოვიძიე ინფორმაცია, თბილისში როდის ჩამოიტანეს. დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ ძველი ოპერის თეატრი უმასპინძლებდა პრემიერას. სხვათა შორის, ტერეზა შტოლცმა, რომელმაც პირველმა იმღერა აიდას პარტია ლა-სკალაში, ჩვენი თეატრიდან გაიკვალა გზა დიდ საოპერო სამყაროში!

ეს ოპერა ყოველთვის პოპულარული იყო და მის მობეზრებას არავინ ვარაუდობს. მდიდარი შინაარსი და გმირთა სახეები საშუალებას აძლევს “აიდას”, მრავალი საინტერესო ინტერპრეატაცია მოირგოს ისე, რომ არ გახდეს ხელოვნური და უინტერესო. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ამხელა ოპერის დადგმა იაფი დაჯდება: სიმფონიური შემადგენლობის ორკესტრი, დიდი ქორო, მოცეკვავეები, უზარმაზარი დეკორაციები ეგვიპტის თემაზე. პომპეზური მუსიკა მოკრძალებულ გადაწყვეტას ვერ იტანს… ლიბრეტო შექმნილია ფრანგი ეგვიპტოლოგის, ოგიუსტ მარიეტის ტექსტებზე დაყრდნობით.

უვერტიურა იწყება ძალიან ნაზად, მშვიდად, რომელშიც გაჟღერებულია აიდას ლოცვის თემიდან ის ფრაზა, რომელიც სიყვარულს ეხება. თითქოს გვაფრთხილებს, რომ ეს უძველესი ამბავი ჩვეულებრივ ადამიანებსა და მათს ფაქიზ გრძნობებს ეხება. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ იტალიური პრემიერისთვის, რომელიც 1972 წელს შედგა და თავად დირიჟორობდა, უვერტიურა ვერდიმ გადააკეთა. თუმცა, საბოლოოდ, ისევ პირვანდელს დაუბრუნდა. ესე იგი, რა ხდება:

Atto I

მოქმედება ხდება მემფისში, ფარაონის სასახლეში. შიკრიკმა ცნობა მოიტანა ეთიოპიელთა შემოჭრის შესახებ. რადამესი, ეგვიპტის ჯარის ერთ-ერთი მთავარსარდალი, “საროსა მჯობი ნაზარდი”, რომელიც “ვითა კატათ ხოცდა ლომსა”, ევედრება ღმერთ(ებ)ს, რომ ეთიოპიელთა წინააღმდეგ ჯარის სარდლობა მას ჩააბარონ. იგი ამ გამარჯვებას აიდას, ფარაონის ქალიშვილის შავკანიან მსახურს მიუძღვნის, რომელიც თავდავიწყებით უყვარს (კანის ფერი ტყუილად არ მიხსნებია, მომდევნო აბზაცში გეტყვით). არია Celeste Aida (“ღვთაებრივო აიდა”) სწორედ მას ეძღვნება. ფრანკო კორელი, ეს ლეგენდარული ჰეროიკული ტენორი, გასაგიჟებლად მღეროდა მას.

არც ქალია გულგრილი ჭაბუკის მიმართ. მზეთუნახავ მონა აიდას ერთი დიდი საიდუმლო აქვს: იგი ეთიოპიელთა მეფის, ამონასროს ქალიშვილია და ეგვიპტეში ამის შესახებ არავინ იცის. სწორედ მის დასაბრუნებლად ილაშქრებენ ეთიოპიელები. სანამ რადამესი ფიქრებშია, მასთან ფარაონის ქალიშვილი ამნერისი მიდის, რომელიც შეყვარებულია მთავარსარდალზე. იგი, ამავდროულად, აიდასა და რადამესის ფარულ რომანზეც ეჭვობს. შემოდის აიდა და იწყება დაძაბული და ძალიან ლამაზი ტრიო, რომელშიც სამივე გმირი თავისთვის ფიქრობს და განცდებშია (ჯულიეტა სიმიონატო  – ამნერისი, ლეილა გენჯერი – აიდა. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შემადგენლობა, რომელმაც ვერონას ამფითეატრში 1966 წელს ფურორი მოახდინა.)

ისმის საყვირის ხმა. ფარაონი მობარძანდება. ტაძრიდან დაბრუნებული უმაღლესი ქურუმი რამფისი მას ღმერთების ნება-სურვილს გადასცემს. სწორედ რადამესი წარუძღვება ჯარს. ხალხი ერთხმად იზეიმებს და მხედართმთავარს ტაძრისაკენ გააცილებს შეძახილით Ritorna Vincitor! (“დაბრუნდი გამარჯვებული”). ეს ფრაზა აიდასაც წამოსცდება, რომელიც არიაში გადაიზრდება. აიდა გლოვობს თავის უბედურ ბედს. მამა, ამონასრო, მისი შეყვარებულის, რადამესის მტერია (ერვა ნელი ასრულებს ამას საოცრად 1949 წლის საკონცერტო ვიდეოჩანაწერში, ორკესტრს კი დიდი არტურო ტოსკანინი დირიჟორობს).

პირველი მოქმედება მთავრდება ასე: რადამესს საომრად გამოპრანჭავენ, ქურუმი რამფისი დალოცავს, მერე ერთად ჯიგრულად ილოცებენ და ფარდაც დაიხურება (რეჟისურას გააჩნია).

Atto II

ეს ტრიუმფალური აქტია. აქ საგუნდო და საორკესტრო ჟღერადობა კულმინაციამდე ვითარდება. პრინცესა ამნერისი თავის მოსასვენებელ ოთახში ნებივრობს. მან უკვე იცის რადამესის გამარჯვების შესახებ, აიდამ კი არა. ამნერისი გადაწყვეტს, აიდა სიყვარულში გამოტეხოს. როდესაც იგი შემოვა, ამნერისი ეტყვის, რომ მხედართმთავარი დაიღუპა. აიდა ტირილს დაიწყებს. მალევე პრინცესა სიმათლეს გაუმხელს და აიდას სიხარულის შეძახილი აღმოხდება. აქ გამოიჭერს ამნერისი და აბა. დაფქვი ყველაფერიო. აიდას პრაქტიკულად ნერვები მოეშლება და წამოიძახებს, რომ ისიც პრინცესაა! გაკვირვებული და გაბრაზებული ამნერისის მზერას რომ დაინახავს, უკან იხევს და ბოდიშს უხდის სისულელის თქმისათვის. პრინცესას მიზნის მიღწევა, რადამესზე დაქორწინება სურს.

ისმის საზეიმო საყვირის ხმა. მთელი სამეფო კარი მემფისის მოედანზეა შეკრებილი და გმირს ელოდება. გამარჯვებულ ჯარს შემოაქვს უამრავი ნადავლი და განძი. აქ ცნობილ თემას გაიგონებთ და ბევრი თქვენგანი “ვა, ეს აქ ყოფილა?”-საც გაიფიქრებთ. სხვათა შორის, რამდენჯერაც თბილისის ოპერაში “აიდა” ვნახე, საყვირს თავისი პარტია თითქმის ყოველთვის ეშლება. ფრანკო ძეფირელიმ, რომელიც თეატრში აუთენტური დადგმის მიმდევარია, საოცრად ხატოვნად წარმოაჩინა ეს ზეპომპეზური სცენა.

შემოდის რადამესიც და ქორო სადიდებელ სიმღერას დააგუგუნებს. ამასობაში აიდა მონებს შორის მამამისს, მეფე ამონასროს ამოიცნობს. ისუ უჩურჩულებს, არ გამცეო. ყველას ყურადღება მათკენ გადააქვს. ამონასრო იტყვის, რომ იგი ერთ-ერთი მეთაური იყო და თავის ხალხს იცავდა, ეთიოპიის მეფე კი მკვდარია. დაუჯერებენ. ფარაონი გმირ რადამესს ნებისმიერი სურვილის ასრულებას ჰპირდება. ეს ახალგაზრდა კეთილი გულისაა და ეთიოპიელი მონების გათავისუფლებას ითხოვს. მიუხედავად ქურუმ რამფისის წინააღმდეგობისა, ფარაონი თანახმაა, ეთიოპიელები გაუშვას, ამასთან ერთად, ჯილდოდ, იგი რადამესს თავის ასულზე, ამნერისზე ნიშნავს. ამაზე ხალხს მადლობა ამოხდება, ქორო გალობს, ყველა ზეიმობს. ამის პარალელურად ამონასრო აიდას ეუბნება, რომ შურისძიების გეგმა უკვე მზად აქვს.

ვერდიმ აქ რამდენიმე ემოცია ერთმანეთს შეუპირისპირა და განვითარების უმაღლეს წერტილამდე აიყვანა. გახარებული ეგვიპტელები, მადლიერი ეთიოპიელები, გამარჯვებული რადამესი, გამარჯვებული ამნერისი, გაბოროტებული ამონასრო და გაუბედურებული აიდა. ეს მრავალხმიანობა ვერდიმ უძლიერესი მუსიკით შეამკო, მარია კალასმა კი დაუვიწყარი მი ბემოლით დააგვირგვინა, რომლის ანალოგიც არ მოიძებნება (ბოლო ნოტი პარტიტურაში საერთოდ არ წერია და 1950 წელს კალასმა გაბედა და, თავისი უზარმაზარი ხმით, ამ ოპერის ახალი სტანდარტი დააწესა)!

შეგაჯანჯღარათ? :) გავაგრძელოთ.

Atto III

დიდი ზეიმის შემდეგ სასახლეში სიმშვიდეა. არა, არც მთლად ეგრეა საქმე. ღამეა. ბედნიერი ამნერისი ტაძარში სალოცავად მიდის. იქვე, ნილოსის ნაპირას, აიდასა და რადამესს პაემანი აქვთ დათქმული. მანამ მიჯნური (+1 რუსთაველს) გამოჩნდებოდეს, აიდა თავის სამშობლოს იხსენებს და მისტირის იქაურობას, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს და ვეღარც ნახავს (O Patria Mia – შავკანიანი ლეონტინ პრაისის შესრულებით. აიდას ერთ-ერთი საუკეთესო სახე საოპერო სცენაზე. ნახეთ, რა დღეშია დარბაზი და როგორ ადგება ცრემლი მომღერალს, რომელიც უკანასკნელი სპექტაკლით ემშვიდობება სცენას ).

ამასობაში სიბნელიდან გამოდის ამონასრო, აიდას მამა. იგი ქალიშვილს მოუწოდებს, მონაწილება მიიღოს მის ამბოხებაში და ახსენებს მშობლიური ეთიოპიის მხარეს, სადაც იგი გაიზარდა. აიდა ორად იხლიჩება. ერთ მხარეს მამა, ოჯახი და სამშობლოა, მეორე მხარეს კი სიყვარული, რომელიც, ეს-ეს არის, უნდა მოვიდეს. ამონასროს სურს, აიდამ რადამესს დააცდენინოს, რომელი გზით მიდიან ეგვიპტის ჯარები. გატანჯული აიდა თანახმაა.

შემოდის რადამესიც, აიდა თავს შორს იჭერს. ჭაბუკს ვერ გაუგია ქალის დაღრეჯის მიზეზი (+1 რუსთაველს). აიდა ეკითხება, თუ საით წავიდნენ ეგვიპტის ჯარისკაცები. სიყვარულით მთვრალი რადამესიც დაუფიქრებლად პასუხობს: “ნაპატას გზით”. ამ დროს გამოჩნდება იქვე დამალული ამონასროც და თავის ვინაობას გაუმხელს. რადამესი გატეხილი და გაბრიყვებულია (ჩვენს ენაზედ “მიბანძებული” ჰქვიან). მან სამშობლოს გაუცნობიერებლად უღალატა. ამონასრო სთავაზობს, მასსა და აიდასთან ერთად ეთიოპიაში გაიქცეს…

ამასობაში ტაძრიდან გამოსული ამნერისი, ხედავს რა ასეთ სცენას, დაცვას დაუძეხებს. ამონასრო ხმალს იშიშვლებს მტრების ამოსაწყვეტად, მაგრამ რადამესი შეაკავებს. აიდა და მამამისი გარბიან. რადამესი, ხედავს რა უმაღლეს ქურუმ რამფისს, ხმალს გადასცემს და ჩაბარდება. ვერდიმ აქაც უდიდესი ოსტატობა გამოიჩინა და რადამესის დამორჩილების სცენას საოცარი მუსიკალური გადაწყვეტა მოუძებნა. ასრულებს მარიო ფილიპესკი, რომელმაც რადამესის ეს ურთულესი უსასრულოდ გაგრძელა.

Atto IV

რადამესი ციხეშია. ამნერისი მხოლოდ მასზე ფიქრობს, მის გადასარჩენად ლოცულობს. იგი გულის სწორს (+1 ხალხურს) სასახლეში მოაყვანინებს. საერთოდ, ეს მოქმედება თითქმის მთლიანად მეცო სოპრანოს განცდებსა და ტკივილზეა აგებული, ამიტომ მისი შესრულება ძალიან ძნელია. მთელი ოპერის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მღერა უწევს. ამნერისს შესწევს ძალა, რადამესი გადაარჩინოს. თუკი უარს იტყვის აიდაზე, მას ექნება თავისუფლება და სამეფო გვირგვინი. რადამესი უკან არ იხევს. ეჭვით აღვსილი ამნერისი მის თავს მსაჯულებს გადასცემს (ამ გენიალურ დუეტს ვერდის ფანტასტიკური შემსრულებლების, ფიორენცა კოსოტოს (ამნერისი) და ფრანკო კორელის (რადამესი) შესრლებით წარმოგიდგენთ).

მიუხედავად იმისა, რომ ამნერისმა რადამესი გაწირა, მას მაინც თავდავიწყებით უყვარს. როცა რამფისი, მსაჯულებთან ერთად, რადამესს ასამართლებენ, იგი ღმერთს შეყვარებულის გადარჩენას შესთხოვს (ამნერისის მოთქმა-გოდებას ამ ჩანაწერში გენიალურად ასრულებს დოლორა ზაჯიკი, რამფისს კი – პაატა ბურჭულაძე).

მსაჯულებმა რადამესს ტაძრის იატაკის ქვეშ აკლდამაში ჩაგდება მიუსაჯეს. ეგვიპტის ერთ დროს უძლეველი გმირი სულ მალე სულს ჩაქვესკნელებული დალევს. სიკვდილის წინ რადამესი აიდაზე ფიქრობს. უცებ სატრფოს ხმას გაიგონებს. სულ რამდენიმე წამით ჰგონია, რომ ელანდება, მაგრამ თურმე არა. აიდაც იმავე აკლდამაშია და ანალოგიურ ბედს გაიზიარებს. მამამისი ჯარისკაცებს შემოაკვდათ, თვითონ კი რადამესის ბედი არგუნეს (ვინ, თუ არა პავაროტის უნაზესი პიანო დაამშვენებდა ოპერას. ყველა ტენორს ასე არ შეეძლო აიდას დასრულება).

მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულებს გარდაუვალი სიკვდილი ელით, საბოლოოდ ისინი ერთად არიან და სულიერ შეერთებაზე ფიქრობენ. მათთვის ამქვყნიური უკვე წარსულია. მუსიკაც შესაბამისია. იგი მოკლებულია ყოველივე იმ ძალას, რომლითაც წინა მოქმედებებში ჟღერდა. ჰარმონია უვერტიურის სიხშირეს უტოლდება და, ლოცვისებურად, მშვიდად სრულდება. ამ დროს მართლაც ლოცვა აღევლინება, რომელსაც ცოცხალთა სამარის თავზე მდგარი ამნერისი აღავლენს ღვთის წინაშე…

Advertisements

About georgianopera

Newest events and important issues about Opera in Georgia.

Posted on February 14, 2016, in ქართული პოსტები, Singers, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. როგორი სრულყოფილი სტატიაა. დიდად ვისიამოვნე მარტო ტექსტითაც. ჩანაწერებს მოგვიანებით მოვუსმენ გულდასმით.
    მადლობა

    • ჩანაწერებია მანდ მთავარი, თორემ აიდას შინაარსის მეტი რა არის ნეტში 😐
      თუმცა ზურას კალამი ნამდვილად უჭრის, ვერ შეგედავები ))
      დოლორა ❤

      • წიგნის შინაარსის მეტი რა არის ინტერნეტში, მაგრამ წაკითხული წიგნების კარგი რეცენზიების კითხვა მაინც დიდი სიამოვნებაა.
        თორემ “აიდას” ლიბრეტო მეც ვიცი 🙂

  2. ბრავო, ავტორო ძალიან მაგარი ხარ ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: