“ატილა” და ოპერის პოლიტიკა

25501864225_8be71546b7_o

გაზაფხულს თბილისის ოპერა ახალი, უფრო სწორედ, განახლებული წარმოდგენით შეხვდა. ჯუზეპე ვერდის ნაკლებად ცნობილი “ატილა” 1-ელ მარტს ქართველმა სოლისტებმა, ხოლო 3-ში – იტალიელმა მომღერლებმა შეასრულეს. მეც, ისევე, როგორც დარბაზში მყოფთა უმრავლესობამ, უცხოელი შემსრულებლების მოსმენა ვარჩიეთ და ფულიც ქველმოქმედებაში გადახდაც ვამჯობინეთ (3 მარტის წარმოდგენა “იავნანას” ორგანიზებული იყო). ვინაიდან ბილეთების ფასი ორივე რიცხვში იგივე ღირდა, პრემიერის დღეს ოპერის დარბაზი ნახევრამდე ძლივს გაივსო. ესეც ოპერის “სწორი” მარკეტინგული პოლიტიკა. 

თუმცა პრობლემები მხოლოდ ამით არ სრულდება. ოპერის სალაროში ბილეთს ბარათით ვერ შეიძენთ. მაშინ, როცა ჩემი კორპუსის 1-ელ სართულზე მდებარე მარკეტში ტერმინალი აქვთ, ოპერაში, რომლის ბილეთის ფასი 20-დან 130 ლარამდეა (“აბესალომ და ეთერზე” – ყველაზე იაფი ადგილი 50 ლარი ღირდა), მხოლოდ ნაღდ ფულს იღებენ. ალბათ, ჰგონიათ, რომ რახან დიდებული გახსნა მოაწყვეს, საფასო პოლიტიკასაც შეინარჩუნებენ და ფეისბუკის გვერდზე უაზროდ დადებულ პოსტებსაც არავინ შეიმჩნევს… ჰოდა, მაშასადამე, “ატილა”, Attila di Verdi.

"ატილას" სიზმარი, I მოქმედება

“ატილას” სიზმარი, I მოქმედება

ეს ოპერა ჯუზეპე ვედის შემოქმედების ადრეულ ეპოქას მიეკუთვნება, როცა მისი ოპერები ე.წ. რესორჯიმენტოს, ანუ იტალიის გაერთიანების მოძრაობას ეხმიანებოდა. ზუსტად ამ მოტივებზე, “ატილამდე” 5 წლით ადრე, კომპოზიტორმა დაწერა “ნაბუკო”, რომელმაც აღიარება მოუტანა. მაშასადამე, 1846 წლის 17 მარტს, ვენეციის საოპერო თეატრ ლა ფენიჩეში შედგა “ატილას” პრემიერა. ლიბრეტოთი აქ აღარ გადაგღლით, თბილისის ოპერის საიტზე გაეცანით. უბრალოდ, ორ მოქმედებად შემოსაღებული ოპერა, სინამდვილეში, პროლოგისა და 3 მოქმედებისგან შედგება. ლა სკალაში ფარდა ამ მოქმედებების დასასრულს იხურება, ჩვენთან კი შუაზე გაყვეს ბოლო ორი მოქმედების სიმოკლის გამო. ორი სიტყვით გეტყვით, რომ ატილა, რომელმაც წარმატებით აიღო რომის იმპერიის ნახევარი, დედაქალაქზე აპირებს გალაშქრებას, მაგრამ მას თავისი ცოლი, მის მიერ შეწყალებული ოდაბელა, თავისივე ნაჩუქარი ხმლით მოკლავს.

3 მარტის სოლისტთა სია:

ატილა – ჯოვანი ბატისტა პაროდი
ეციო – კარმელო კორადო კარუზო
ოდაბელა – კიარა ტაიჯი
ფორესტო – ოთარ ჯორჯიკია
ულდინო – თამაზ საგინაძე
ლეონე – ტარიელ ჭიჭინაძე

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გახლავთ ვერდის ბრწყინვალე შემოქმედებათაგანი, “ატილა” საკმაოდ რთული ოპერაა. პირველი შთაბეჭდილება სპექტაკლის დასრულების შემდეგ, რაც დამეუფლა, კმაყოფილება იყო, რადგან ვოკალისტების მხრივ, არაფერს გავუღიზიანებივარ და ყველაფერი თავის ადგილზე მომეჩვენა. ყველაზე ძნელი მაინც სოპრანოს პარტიაა, მაგრამ ეს ოპერა, ძირითადად, მაინც ბანის წარმოსაჩენად იდგმება, რადგან დაბალი ხმები, განსაკუთრებით ბანები, არ არიან განებივრებული მთავარი როლებით.

ჯოვანი ბატისტა პაროდი ატილას როლში

ჯოვანი ბატისტა პაროდი ატილას როლში

მიუხედავად ჯოვანი ბატისტა პაროდის ცოტათი მობერებული ჟღერადობისა, შესრულება მაინც საინტერესო იყო. მის ხმას აკლდა ხატოვანი ფერები, მაგრამ ჰქონდა ვერდის ჟღერადობა, რაც ნაწილობრივ იმასაც ნიშნავს, რომ ორკესტრის მკვეთრი ფორტეები მის ვოკალს არ ფარავს.

კიარა ტაიჯი ოდაბელას როლში

კიარა ტაიჯი ოდაბელას როლში

ოდაბელას როლის შემსრულებელ კიარა ტაიჯის ყველაზე რთული ამოცანა ჰქონდა, რადგან დროდადრო მაღალი დოდან მეცოს დაბალ რეგისტრამდე უნდა ეფრინა, თან ისე, რომ მისი ხმა იარუსებსაც მიწვდომოდა. მიუხედავად მისი ხმის მაღალ რეგისტრში არათანაბარი ჟღერადობისა, მისი ტექნიკა მაინც შესამჩნევი და სასიამოვნო იყო. სხვანაირად ოდაბელას როლს ვერ შეასრულებდა. ვერდის არც ერთი როლი არ არის ადვილი სამღერი. თუ ზოგან ვოკალური სირთულეები არ შეინიშნება, იქ ემოციური ხაზია მთავარი, რაც შემსრულებლებისთვის დიდი გამოწვევაა.

25383347142_3339795811_o

Processed with VSCO with acg preset

ვერდი სწორედ ამითაა ცნობილი, რომ სიტყვებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. მას საშინლად აბრაზებდა მე-19 საუკუნის იტალიაში დამკვიდრებული ტენდენცია, როცა მომღერლები ტექსტებს აფუჩეჩებდნენ, ექსპრომტად ცვლიდნენ ან ვოკალიზად მღეროდნენ. ასე რომ, მომღერლებს ზეყურადღება მოეთხოვებათ ამ კომპოზიტორის ნაწარმოებების ფრაზირებისას.

კარმელო კორადო კარუზო ეციოს როლში

კარმელო კორადო კარუზო ეციოს როლში

სწორედ ფრაზირებას გამოვყოფდი ეციოს როლის შემსრულებელი ბარიტონის, კარმელო კორადო კარუზოსგან. ძალიან კარგად ფლობს რეჩიტატივს. ვერ ვიტყვით, რომ დიდი გაქანების ხმა აქვს (თუმცა რიგოლეტოს პარტიაც უმღერია), მაგრამ სანდოდ ჟღერს და არაფერი გამოგეპარება.

ოთარ ჯორჯიკია როლში

ოთარ ჯორჯიკია ფორესტოს როლში

მსოფლიოში ტენორების შიმშილია და იგივე პრობლემა ქართველ შემსრულებლებშიც დგას, თუმცა სასიამოვნოდ გამაოცა ოთარ ჯორჯიკიამ. კარგა ხანს არ მყავდა მოსმენილი და გამიხარდა, მისი გაზრდილი ხმა და დამაჯერებელი აქცენტები რომ გავიგონე. მომღერლები წლობით შრომობენ, რომ ის ურთულესი მელოდია რაც შეიძლება სასიამოვნოდ მოსასმენი გახდეს და მაყურებელმა არ იწვალოს მასთან ერთად. ოთარამა ჩემ მიერ ყველა გამოკითხულზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. არ ვიცი, რამდენად ახლოს არის მასთან ჰერცოგის პარტია (“რიგოლეტოში” ეს როლი შეასრულა), მაგრამ დიდი სიამოვნებით ვნახავდი მას დონ ხოზეს, კავარადოსისა და რადამესის როლებში.

Processed with VSCO with c1 preset

თამაზ საგინაძე ულდინოს როლში

ძალიან მომეწონა ულდინოს როლის შემსრულებელი თამაზ საგინაძე. მეორეხარისხოვანი პარტიისგან ამდენს იშვიათად მოელიან და ის ფაქტი, რომ ასე დასამახსოვრებელი შესრულება დაგვიტოვა, ბევრზე მეტყველებს. ტარიელ ჭიჭინაძეზეც იგივე შემიძლია ვთქვა, ეს ბანი გამოცდილი ფარაონია ვერდის ოპერა “აიდადან”.

ტარიელ ჭიჭინაძე ლეონეს როლში

ტარიელ ჭიჭინაძე ლეონეს როლში

სპექტაკლში ყველაზე მეტად მაინც დადგმა დამაკლდა. ჰეროიკული ოპერა, რომლის რეჟისურამ მაინც უნდა გაამართლოს მისი დადგმის აუცილებლობა, თითქოს ღარიბულად იყო გადაწყვეტილი. არც რომის ძველი დიდება იგრძნობოდა და არც ჰუნთა ტომების ატმოსფერო იყო გადმოცემული. ზოგიერთი გაუგებარი ყაიდის კოსწიუმი, მწირი რეკვიზიტები, უფორმო დეკორაციები და შესამჩნევად დაპატარავებული სცენა ჰეროიკულ ოპერას მასშტაბურობას აკლებდა. არ იგრძნობოდა რაიმე ინდივიდუალური გადაწყვეტა, რამაც რეჟისურა ოპერის გაფორმებას დაამგვანა. არ ვიცი, შესაძლოა, ეს მწირი ფინანსებით იყო გამოწვეული და ზედმეტს ვითხოვ, მაგრამ ოპერა რომ ძვირი სიამოვნებაა, ამაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდეთ.

25409077821_9988e703e2_o

როგორც უნდა იყოს, აღდგენილ თბილისის ოპერის რეპერტუარში ახალი წარმოდგენა გაჩნდა და ეს არის ყველაზე მთავარი. წინ “ჯამბაზები”, “დონ კარლო” და “კარმენია”, რომელთა ნახვასაც სულმოუთქმელად ველი.

Advertisements

About georgianopera

Newest events and important issues about Opera in Georgia.

Posted on March 6, 2016, in ქართული პოსტები and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 1 Comment.

  1. ძალიან კარგია ახალი სპექტაკლები. მაგრამ, იმედია ბილეთების ფასები ცოტა დაიწევს. განსაკუთრებით კი სტუდენტებისთვის. სოციალური შეღავათების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: