დაჩეხილი, მაგრამ მაინც გენიალური: ძეფირელის “აიდა” თბილისის სცენაზე

თბილისის ოპერის ხელახალი გახსნიდან ერთ წელიწადზე მეტი გავიდა და მდგომარეობა თითქოს უკეთესობისკენაა: ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და ახალი გადაწყვეტილებები ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება. ერთ-ერთი ასეთი უკვე განხორციელდა და მაყურებელმა საქართველოში პირველად იხილა ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული “აიდა”, რომელმაც ფართო მასების აღფრთოვანება გამოიწვია.

დაკავშირებული სურათი

ბუსეტოს ოპერის თეატრი, იტალია

ხუმრობა ხომ არ არის, თითქმის ერთი წელი ელოდო სიახლეს ოპერის თეატრში და ეგრევე ძეფირელი დაგხვდეს? ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დადგმა სულაც არ გახლავთ დიდი ზომის თეატრისთვის გამიზნული. ეს “აიდა” რეჟისორმა 2001 წელს, ვერდის მშობლიურ ბუსეტოში დადგა, რომელიც ჩვენსას მასშტაბით ძალიან ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, ძეფირელის ეს გადაწყვეტა თბილისის სცენაზე არ ჩაკარგულა, რადგან მას თან ახლდა ის მომნუსხველობა, რომლითაც რეჟისორის ხედვა ასეთი ცნობილია. იგი დგამს ძველს, ძველებურად მაგრამ ყოველთვის ახალი ჯადოქრობით. თბილისში წარმოდგენა მაესტროს მუდმივი ასისტენტის, სტეფანო ტრესპიდის ხელმძღვანელობით დაიდგა.

მეორე მოქმედების ფინალი

მიუხედავად მომნუსხველობისა, ოპერის ამ დადგმას აკლია რამდენიმე ადგილი. როგორც ჩანს, ნატურალიზმის მოყვარულ ძეფირელის, ზედმეტი მოეჩვენა პირველსა და მეორე მოქმედებაში გამეორებული პასაჟები და ცეკვა. რამდენად ხელშესახებია მსოფლიო შედევრი, ეგ ცალკე სადაო თემაა, თუმცა ის, რომ ოპერა ყოველთვის უფრო პირობითი იქნება, ვიდრე დამატული თეატრი, ეს ისედაც ცხადია და სცენების შეკვეცით ამას არ “ეშველება”.

პირველი წარმოდგენა 4 მარტს გაიმართა.

აიდა – იანო ალიბეგაშვილი

რადამესი – გიორგი ონიანი

ამნერისი – ანიტა რაჭველიშვილი

ამონასრო – გიორგი გაგნიძე

რამფისი – გიორგი ანდღულაძე

ფარაონი – რამაზ ჩიკვილაძე

მაესტრო დანიელ ორენი

პირველ წარმოდგენას დიდმა დანიელ ორენმა უდირიჟორა, რომელსაც, სხვათა შორის, გამოსვლისას სადირიჟორო ჯოხი დაავიწყდა, მაგრამ მალევე მოუტანეს. სწორედ მის უკან ვიჯექი და საკუთარი თვალით ვაკვირდებოდი, როგორ გრძნობდა მაესტრო თითოეულ პასაჟს და სურდა, ორკესტრსაც ზუსტად ასე გადმოეცა და გამოეცა სათქმელი. პერიოდულად სოლისტებს ანიშნებდა, თვალებში მიყურეთო. ასე იცის დირიჟორთან ცოტა სარეპეტიციო დრომ.

იანოს პიანომ დარბაზი მოაჯადოვა. მესამე მოქმედების დასაწყისში ნამღერი “ო, სამშობლოვ ჩემო” (O, patria mia) და ბოლოსკენ პიანოზე შესრულებული მაღალი დო, ეს ის იყო, რაც მთელი არიის გადაწყვეტას კარგად მოუხდა. აიდაც ხომ ასეთია: ეთიოპიის დამონებული პრინცესა თავის თავში მალავს და ხარშავს სამეფო წოდებასაც და დიდ სიყვარულს. სწორედ ამ ტკივილს მისტირის ჩუმად, თავისთვის, რადგან თითოეული ხმამაღალი სიტყვა შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

გიორგი ონიანი, პირადად ჩემთვის, არის პირველი რადამესი, რომელიც ცოცხლად მოვისმინე და ამიტომ ყოველთვის ემოციურად ვიხსენებ მის ნამღერს. ეს იყო 12 წლის წინ, იმავე თეატრში, ოღონდ სხვა რეჟისურით. ვფიქრობ, გიორგი ონიანი თავის გმირს პიროვნულადაც და ხმის თვალსაზრისითაც ძალიან ესადაგება, რადგან ორივე ჰეროიკული ხასიათისაა. ამასთან ერთად, ძეფირელი-ტრესპიდისეული ინტერპრეტაცია კიდევ უფრო ეხმარება მას, საინტერესოდ და სიღრმისეულად წარმოაჩინოს რადამესი თავისი განცდებითა და, რაც მთავარია, თავისი სიმართლით, რომლის ერთგულიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

ყველაზე მეტად ანიტა რაჭველიშვილს ველოდი და, ალბათ, ასე იყო იმ დღეს დარბაზში შეკრებილთა უმრავლესობა. აქამდე ქართველი მაყურებელი მისი მხოლოდ საკონცერტო შესრულებებით იყო განებივრებული და საქართველოში ნამდვილ საოპერო წარმოდგენაში არ ენახა. ის აღფრთოვანება, რომელიც მისი ამნერისის სცენაზე გამოჩენის პიველივე წამებმა პირველ და მეორე მოქმედებებში გამოიწვია, მეოთხე მოქმედებაში უკვე ისტერიკულ ოვაციებში გადაიზარდა. ზუსტად იმ მომენტში, როცა ეგვიპტის პრინცესა საშინელ რეალობას სრულიად მარტო და დაუცველი შეეჩეხა; ზუსტად მაშინ, როცა ამნერისის სასოწარკვეთილმა წყევლამ ორკესტრი გადაფარა, დარბაზში გამაყრუებელი აპლოდისმენტები გაისმა. ეს იყო, ერთი მხრივ, მოსისხლე მტრის გულში სიყვარულის გამარჯვება, რომელიც საზღვრებს არ ცნობს და, მეორე მხრივ, თვითონ ანიტას, როგორც ქართულ საოპერო სცენაზე დებიუტანტის გამარჯვება.

გიორგი გაგნიძე ბისზე

დასაფასებელია გიორგი გაგნიძის წვლილი, როგორც მესამე მოქმედების გმირისა. მის პერსონაჟს, ეთიოპიის მეფე ამონასროს, სწორედ აქ ეძლევა საკუთარი თავის სრულად გამოვლენის საშულება. სწორედ ამიტომ ვერდიმ მას მრავალფეროვანი გამოწვევა შესთავაზა. აქ გვხვდება მოსიყვარულე მამაც, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული მეფეც, ცბიერი მტერიცა და წყობიდან გამოსული მშობელიც. გიორგი გაგნიძემ ყოველივე ეს ძალიან ბუნებრივად და დამაჯერებლად გადმოსცა. მისი არტისტიზმის წყალობით, ქართული სუბტიტრების გარეშეც გასაგები იყო თითოეული ემოცია და მათი მნიშვნელობა. შედეგად, მესამე მოქმედების დასასრულს, გიორგი გაგნიძე მაყურებელმა ბისზე გამოიძახა.

პირველი მოქმედება

ბანები ყოველთვის ჩვენი ძლიერი მხარე რომ იყვნენ, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რამაზ ჩიკვილაძემ და გიორგი ანდღულაძემ. რამაზის მონოლითურმა ბასსო პროფონდომ, რომელიც ფარაონის პირით საუბრობდა ვერდის ძალა აჩვენა, ხოლო ანდღულაძის ექსპრესიამ ამავე კომპოზიტორის მუსიკის ემოციურ შრეებს გაუსვა ხაზი.

პირველი მოქმედება

აიდას არია პიველი მოქმედებიდან

პირველი მოქმედების ფინალი

ამნერისი და აიდა მეორე მოქმედებიდან

ამონასრო და აიდა მესამე მოქმედებიდან

ანიტა რაჭველიშვილი ბისზე

საბოლოო ჯამში, სოლისტებმა და გუნდმა სცენაზე ისეთი მუხტი დადეს, რომ ნამდვილად გადაფარეს ორკესტრანტების მიერ რამდენჯერმე არაზუსტად შესრულებული ცნობილი მარში. დიახ, ჩვენი სასულეები, სამწუხაროდ, კიდევ არ დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ამას ვერც ერთი უცხოეთიდან მოწვეული გენიალური დირიჟორი ვერ უშველის. ამის გამოსწორება ჩვენი მხარის ვალია. წარმოდგენა კი დასრულდა ისეთივე დიდებული მოკრძალებით, როგორც დაიწყო და როგორც თავად კომპოზიტორს ჰქონდა ჩაფიქრებული. Pace, pace…

ყველა ვიდეოს სანახავად ეწვიეთ Georgian Opera-ს იუთუბის არხს.

Advertisements

About georgianopera

Newest events and important issues about Opera in Georgia.

Posted on March 9, 2017, in ქართული ოპერა, Georgian Singers and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. Leave a comment.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: